ოკუპანტებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონი დაბომბეს - არიან დაღუპულები

01 ივნისი 2022, 10:41 994 ნახვა

უკრაინაში ომის 98-ე დღეა. ლუჰანსკის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსული ძალები ამ დროისთვის სევეროდონეცკის 70% -ს აკონტროლებენ. ადგილზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტებმა ქალაქში მდებარე ქიმიურ ქარხანაზე აზოტის მჟავის ავზზე მიიტანეს იერიში. ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ, არ დატოვონ თავშესაფრები.

რუსული ძალები 10 საათის განმავლობაში ბომბავდნენ ხარკოვის ოლქში მდებარე ზოლოჩივის დასახლებას. დაღუპულია 74 წლის ქალი, მძიმედ დაშავდა 1 ადამიანი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 4 ცხედარი აღმოაჩინა ხარკოვში, 16 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში, რომელიც თებერვლის ბოლოს დაიბომბა.

რუსულმა ჯარებმა ხერსონის ოლქში, მდინარე ინგულეცზე ხიდები დაბომბეს. ტერიტორიაზე კასეტური საბრძოლო მასალებით საარტილერიო თავდასხმები გრძელდება. ოკუპანტები წინ მიიწევენ ლუჰანსკის და დონეცკის ოლქებში.

აქტიური შეტევითი ოპერაციები მიმდინარეობს დონბასში. დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაცია მოსახლეობას რეგიონის საზღვართან ოკუპანტების მოახლოების შესახებ აფრთხილებს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული წინსვლა აქვთ ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში.

უკრაინელმა სამხედროებმა მტერი უკან დახიეს ზაპოროჟიის ოლქში. აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ქალაქ გულია-იპოლეს მიმართულებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი