სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრების ოთხი წევრი გავიდა, რაც ქართული კრივის ისტორიაში პირველად მოხდა.
ოქროს მედლებისთვის ბრძოლის უფლება სახილ ალახვერდოვმა, არტიუშ გომციანმა, ლაშა გურულმა და გიორგი ყუშიტაშვილმა მოიპოვეს.
მათ ნახევარფინალში, შესაბამისად, პოლონელი, უნგრელი, უელსელი და რუმინელი მოკრივეები დაამარცხეს, ფინალში კი ბულგარელ, ესპანელ, სერბ და სომეხ მეტოქეებს შეხვდებიან.
გადამწყვეტი ორთაბრძოლები დღეს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები ათი სპორტსმენით იყო წარდგენილი, თუმცა ნოდარ დარბაიძე, ესკერხან მადიევი, ოთარ ნავერიანი, გიორგი გუცაევი, გიორგი ჭიღლაძე და ნიკოლოზ ბეგაძე მედლების გარეშე დარჩნენ.