აქცია გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით

06 მაისი 2022, 14:26 1442 ნახვა

ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე  სოფელ ლეღვას მოსახლეობამ აქცია გამართა.  მოსახლეობა ამბობს, რომ გზა ერთი წელია ამორტიზებულ მდგომარეობაშია. 

გართულებულია გადაადგილება, ხშირად იქმნება საავარიო ვითარება. მოსახლეობა  საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიმართავს დააჩქაროს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ასევე ამბობენ, რომ პროტესტის დაწყებამდე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა გამოიყვანეს  და დაზიანებული მონაკვეთები მოასწორეს. გზის, აღნიშნული მონაკვეთის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ქობულეთის მერიას ეკისრება. 

მერიაში აცხადებენ, გზის აღნიშნული მონაკვეთი არ არის მუნიციპალიტეტის  საკუთრება და  სარეაბილიტაციო სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი უკვე ასრულებს. სამუშაოები გასული წლის მაისში დაიწყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში  გვითხრეს, რომ რეაბილიტაციას  მსოფლიო ბანკიც აფინანსებს, გათვალისწინებულია 10-მილიონ ლარზე მეტი.  თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ სამუშაოების ტემპი არ არის დამაკმაყოფილებელი და დეპარტამენტმა კომპანია არაერთხელ გააფრთხილა. თუ სამუშაოები არ განახლდა, ამოქმედდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი