მარიუპოლში კი მეტალურგიული ქარხნის „აზოვსტალის“ ბუნკერების ნანგრევებში ჩარჩენილია 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინელ მებრძოლებს ესმით ხალხის ხმა, თუმცა ნანგრევებიდან მათ ამოყვანას ვერ ახერხებენ, რადგან ნანგრევების გასაწმენდად სპეციალური ტექნიკაა საჭირო - ამბობს ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე.
რაც შეეხება ევაკუაციის პროცესს, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა ამ დილით ისევ უნდა განახლდეს.
მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, ევაკუაცია გაერო-სა და წითელი ჯვრის მხარდაჭერით დაიწყება. ამასთან რუსეთის ძალების მიერ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში ბლოკირებული უკრაინის ნაციონალური გვარდიის მებრძოლები ხელისუფლებასა და უკრაინის საერთაშორისი პარტნიორებს მიმართავენ და მთელი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციისკენ მოუწოდებენ - ამის შესახებ მათ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „აზოვსტალში“ მყოფი სამხედროები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარულმა სიტუაციამ მეტალურგიულ კომბინატში კატასტროფული ხასიათი შეიძინა.