უწყვეტი პროტესტის 67-ე დღე ბათუმში. მზია ამაღლობელი უკვე 22-ე დღეა შიმშილობს. სწორედ მისი და ყველა დაკავებული პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მეხუთე დღეა აჭარის მთავრობის მიმდებარედ კარვების 24 საათიანი აქცია მიმდინარეობს. რაც შეეხება გასულ ღამეს, პროტესტის 66-ე დღეს ევროპის მოედანზე ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტი გაიმართა. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით „ახალი თეატრის“ მსახიობებმა და აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრებმა მიმართეს.
მათ სოლიდარობა გამოხატეს დაკავებულების მიმართ და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. ევროპის მოედანზე საპროტესტო მანიფესტის ფარგლებში, განცხადება ბათუმელმა მსახიობებმა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმაც გააკეთეს, რომლებიც 20 დღეა, ამავე უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად ღამეს ათევენ. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტებმა. მათ აღნიშნეს, რომ მზია ამაღლობელი უსამართლო ტყვეობაში იმყოფება. თეატრალების საპროტესტო მანიფესტი აჭარიდან დაიწყო და სხვა რეგიონებში გაგრძელდება.