საქართველოს კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლა - პრეზიდენტი კონგრესმენებს

21 აპრილი 2022, 20:18 1228 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, კონგრესმენების საქართველოში ვიზიტი გვიდასტურებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა რეალობაა.

მისივე თქმით, საქართველოს კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლა. შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინას და დაგმო რუსეთის აგრესია.

"მოხარული ვარ, რომ დღეს სწორედ ამ სასახლეში, სადაც 30 წლის წინ ამერიკის საელჩო გაიხსნა, აშშ-ს კონგრესის მაღალი დონის დელეგაციას ვმასპინძლობთ და მათთან ერთად 30-წლიანი ურთიერთობების შესახებ გამოფენასაც გავხსნით. ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვიგრძენით თქვენი ურყევი მხარდაჭერა, ჩვენი სახელმწიფო მშენებლობის დემოკრატიულ-ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ურყევი იყო თქვენი მხარდაჭერა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობისა ყველაზე რთულ მომენტებშიც კი. საქართველომაც მრავალი წლის განმავლობაში თქვენთან ერთად შეიტანა წვლილი გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში და ღირსეულად შეასრულეს ქართველებმა თავიანთი მისია, ავღანეთსა და თუ ერაყში. დღეს, როგორც არასოდეს, თქვენი მხარდაჭერა, ორ ქვეყანას შორის მყარი ურთიერთობა სასიცოცხლოდ გვჭირდება საქართველოს, თქვენი აქ ჩამოსვლით გიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არ არის, რეალობაა. საქართველო რჩება თქვენთვის და თქვენი ყურადღების ქვეშ, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

დღეს უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის იბრძვის რუსეთის ტოტალური აგრესიის წინააღმდეგ, არამედ ის ასევე, ჩვენი და მთელი ევროპის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის. ყველა ვხედავთ, რაოდენ შემართებით უმკლავდება იგი აგრესიასა და აგრესორს. უკრაინა ბრძოლაში მარტო არ არის. ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პირველივე დღიდან ამერიკის მიერ გამოცხადებული სოლიდარობა, ევროკავშირისა და ამერიკის ქვეყნებს შორის უპრეცედენტო ერთიანობა უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად.

საქართველოს კარგად ესმის, რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლა, ესმის სოლიდარობის ფასი და ამიტომ, დღეს ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, როცა ალყაში მოქცეული მარიუპოლი უნდათ, რომ აწამონ და ახალ სტალინგრადად აქციონ, მინდა, აქ და თქვენი თანდასწრებით, უკრაინელ ხალხს გამოვუცხადო საქართველოს სრული თანადგომა. დღეს ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს. ამ მძიმე კონტექსტში, თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს არ ივიწყებთ და თქვენი ყურადღება საქართველოს მიმართ არ ნელდება არც მიმდინარე ომის ფონზე, არც სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე. ამერიკის როლი დიდია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის გამყარებისათვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიზრუნოთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე.

თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როცა საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ემზადება ევროპული ინტეგრაციის ახალი გადამწყვეტი ეტაპისთვის. თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება მადრიდის ნატოს სამიტზე, რათა ღია კარის პოლიტიკას მიეცეს ახალი ბიძგი და ახალი პერსპექტივა. და ბოლოს, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში თქვენი ხმა გადამწყვეტი იქნება, რათა ყველა სფეროში ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდეს და გაძლიერდეს და გადავიდეს ახალ საფეხურზე შემდეგი 30 წლისთვის“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი