უკრაინული მედიის ცნობით, მარიუპოლში რუსეთის ძალებმა დაუდგენელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს

12 აპრილი 2022, 10:48 854 ნახვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა მარიუპოლში მომწამვლელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. აზოვის პოლკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსებმა ქიმიური იარაღით იერიში მიიტანეს "აზოვსტალის" ქარხნის თავზე, სავარაუდოდ მოწამლულია 3 ადამიანი.  უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატიდან მარიუპოლში ქიმიური ნივთიერების ჩამოგდების შესახებაც.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ამ ეტაპზე გავრცელებული ცნობების დაზუსტება მიმდინარეობს. ალყაში მოქცეული ქალაქის, მარიუპოლის მერმა, Associated Press-ს განუცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ მინიმუმ 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მარიუპოლის მერის თქმით, მარიუპოლში, ჯერ კიდევ 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება და  მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ საკვები, წყალი და მედიკამენტები.

როგორც ბოიჩენკომ განაცხადა, მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსები გვამებს აგროვებდნენ და მათ უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში, მაცივრებში ინახავდნენ.

უკრაინული მედია  კი ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხარკოვის რეგიონში რუსული დაბომბვების შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა. 

გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 800-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. მათ შორის  186 ბავშვი. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში ასევე  აღნიშნულია, რომ 24 თებერვლიდან 10 აპრილამდე უკრაინაში დაშავებულია 2 493 სამოქალაქო პირი. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი