ეგრეთწოდებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის წარმომადგენელი ედუარდ ბასურინი ქალაქ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიის ასაღებად ქიმიური იარაღის გამოყენების მოწოდებით გამოვიდა. შესაბამისი განცხადება რუსმა ოკუპანტმა ერთ-ერთი რუსული ტელეარხის ღია ეთერში გუშინ გააკეთა.
ბასურინის თქმით, აზოვსტალის შტურმით აღება შეუძლებელია, რადგან იგი მიწისქვეშ მდებარეობს და იქ თავდაცვის განხორციელება დიდხანს და წარმატებულად შეიძლება. 11 აპრილს აზოვის პოლკმა რუსი ოკუპანტების მიერ უცნობი წარმომავლობის მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების შესახებ განაცხადა, რომელიც მარიუპოლში უპილოტო საფრენი აპარატიდან გაუშვეს.
10 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა დაუშვა. უკვე 11 მარტს ჯო ბაიდენმა რუსეთს დიდი ფასის გადახდით დაემუქრა, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.