,,უკრაინას შეუძლია რუსეთის მიერ წამოწყებული ომი მოიგოს - ასეთია პენტაგონის პროგნოზი. უკრაინის პრეზიდენტიც აცხადებს, რომ უკრაინა უკან დახევას არ აპირებს. იმის მიუხედავად, რომ რუსებმა უკან დაიხიეს კიევიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ისინი აღმოსავლეთით დონბასში აძლიერებენ ძალებს.
უკრაინის ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები სამხედრო აღჭურვილობის სწრაფად გადასატანად რკინიგზას იყენებენ. მანამდე უკვე 43-ე დღეა ვხედავთ უკრაინაში გადამწვარ ქალაქებს, დაბომბილ სამოქალაქო და სტრატეგიულ ობიექტებს, დახოცილ და ნაწამებ ადამიანებს.
უკრაინელი მაღალჩინოსნები რუსეთის აგრესიას და რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სისასტიკეს გენოციდად აფასებენ. მხოლოდ მარიუპოლში ბლოკადის ერთი თვის განმავლობაში 5000 ადამიანი მოკლეს, რომელთაგან დაახლოებით 210 ბავშვი იყო. ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაციები, რომელთა მიხედვითაც ვიგებთ, რომ ოკუპანტები ტყვიებს ესვრიან პატარებსაც.
ახალი სანქციების პაკეტი, რომლითაც ერთგვარად რუსეთის აგრესიის შეჩერებას ცდილობს დასავლეთი, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ეფექტურია, თუმცა როგორც ამბობს, მაინც ცოტაა.