2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.8 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 17,8 პროცენტით გაძვირდა.
კერძოდ, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასებმა 27 პროცენტით მოიმატა, უალკოჰოლო სასმელები 24 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 23,5 პროცენტით, შაქარი და სხვა ტკბილეული – 20 პროცენტით, თევზეული 19 პროცენტით, ზეთი და სხვა ცხიმი – 17,1 პროცენტით, ხილი – 16,8 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი – 15,3 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 14,1 პროცენტით, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10,5 პროცენტით.
"ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.6 პროცენტით, რაც 2.6 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.5 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.8 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.4 პროცენტიანი მატება, რაც 0.85 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.3 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (2.4 პროცენტი)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.