გლობალური უსაფრთხოების ბედი ახლა წყდება, - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის პარლამენტს ვირტუალურად გამოსვლისას. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენ არ გვინახავს ეს მსოფლიოში, რომ ქვეყანამ დაიწყოს ომი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, ღიად გამოაცხადოს მისი დამონების ან განადგურების სურვილი - ამ ერის სახელიც კი არ დატოვოს. არავითარი შესაძლებლობაც კი არ დაუტოვოს ამ ერს თავისუფლად ცხოვრების“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ავსტრალიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საგანგებოდ გააფრთხილა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის შესახებ.
„ვერავინ იტყვის, რომ მსოფლიოს რომელიმე ნაწილი დაცულია რადიოაქტიური დაბინძურებისგან, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მოხდება. ქვეყანამ, რომელიც იყენებს ბირთვულ შანტაჟს, უნდა მიიღოს სანქციები, რომლებიც წარმოაჩენს, რომ ასეთი შანტაჟი დამღუპველია მისთვის", - განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.