„პანდემიის დროს განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები" და „პანდემიის მართვასთან დაკავშირებული საპარლამენტო კონტროლი"- ორი კვლევის პრეზენტაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამართა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მთავრობის საქმიანობის ეფექტური კონტროლი ვერ განახორციელა. გამარტივებული შესყიდვის გზით კი 1.7 მილიარდ ლარამდე ჯამური ღირებულების 21 ათასამდე მსხვილი კონტრაქტი გაფორმდა.
ანგარიშის ავტორების თქმით, გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: ოპოზიციისთვის მინიჭებული შეზღუდული უფლებამოსილებების განხორციელება ვერ ხდება ჯეროვნად, რადგან მთავრობა ინიციატივებს ძირითადად რეაგირების გარეშე ტოვებს.
უმრავლესობის მიერ განხორციელებული კონტროლი კი არაეფექტურია და უმეტესად ფორმალურ ხასიათს ატარებს.
საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები არ ყოფილა ისეთ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორიცაა კორუფციის რისკები, სახელმწიფო შესყიდვები.