საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს ბევრი სპეკულაცია მოჰყვა - მამუკა მდინარაძე

28 მარტი 2022, 20:58 827 ნახვა

უმრავლესობის სხდომაზე ვისაუბრეთ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი სპეკულაცია მოჰყვა. საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ნორმებზე, საკანონმდებლო ნორმაში ცვლილება შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს საშუალება კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, 2 აპრილის შუალედური არჩევნები და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.

"დღეს, უმრავლესობის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ვისაუბრეთ საქართველოში და მის მეგობარ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. იყო საუბარი 2 აპრილის არჩევნებზე რუსთავში და ბათუმში. ასევე, იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც სამწუხაროდ, ბევრი სპეკულაცია მოჰყვა, საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ნორმებზე. რაც დღეს მოვისმინეთ, ბევრი ამბავი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს ცვლილება შეეხება კომპეტენციების გამიჯვნის ნაწილში გარკვეულ საკითხებს, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ნორმაში ცვლილება შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს საშუალება კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ იცოდეს თავისი კომპეტენციის ფარგლები",  - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, გრძელდება მცდელობა, რომ ქვეყანა ომში ჩაითრიონ.

"ასევე, ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, ის კოორდინირებული მცდელობა, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიონ, გრძელდება. რასაც ჩვენ მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით, ეს დადასტურდა უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებით და დღეს „ნაცმოძრაობის“ ბელადმა სასამართლო პროცესზე თქვა: მე იმიტომ ჩამოვიდოდი, ვიცოდი ეს მოხდებოდა და ეს მომენტი დადგა. ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს მისი პარტიის ყველა წარმომადგენელს და ამას ვერსად გაექცევიან. ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ იყოს მშვიდობა. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, ჩვენს დებს და ძმებს მივმართავ, არანაირი საშიშროება იმასთან დაკავშირებით, რომ საომარი მოქმედებები შესაძლოა იქნას დეოკუპაციისათვის, არ არსებობს. თუ ვინმე მიზანმიმართულ პროვოკაციებს ავრცელებს, ეს არის მხოლოდ იმ ნარატივის გაგრძელება, რაც „ნაცმოძრაობასა“ და მის სხვა დანაყოფებს აქვთ ამ პერიოდში, ისინი ცდილობენ უკრაინაში რუსეთის წარმოებული აგრესიის კვალდაკვალ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში