ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საერთაშორისო კომპანიებმა, რომლებიც ოპერირებდნენ რუსეთში და უკრაინაში, საქართველო, როგორც ჰაბი განიხილონ თავიანთი ოპერაციებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს არ არის ორდინალური სიტუაცია, რომელიც მარტივად პროგნოზირებადია. სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება. შესაბამისად ჩვენ გვექნება რეაქციები კონკრეტულ გამოწვევებზე. ამიტომ საგანგებო რეჟიმში მუშაობს მთავრობა და მთავრობის ეკონომიკური გუნდი რამდენიმე მიმართულებით. მაგ: ბევრი საერთაშორისო კომპანია, რომელიც ოპერირებდა უკრაინის ან რუსეთის ტერიტორიაზე, ესაა ბრიტანული, გერმანული და სხვ. კომპანიები, ინტენსიურად მიდის მუშაობა, რომ მათ თავიანთი ოპერაციები გადმოიტანონ საქართველოში და საქართველომ ამით მიიღოს შესაძლებლობა, რომ ესა თუ ის სექტორი სწრაფად განვითარდეს, ასევე გაჩნდეს დასაქმების ახალი შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანაში და საბოლოოდ ეს იქნება ეკონომიკაში თავისი წვლილის შემტანი. ჩვენ ამ კუთხით ძალიან ორგანიზებულად ვმუშაობთ უცხოურ ბიზნესთან თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ჩვენ, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროს და სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები ორგანიზებულად ვაკეთებთ ერთად იმას, (და ალბათ სხვა ქვეყნებზე უკეთაც გავაკეთებთ) რომ ამ საერთაშორისო კომპანიებმა, საქართველო, როგორც ჰაბი განიხილონ თავიანთი ოპერაციებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.