„ღვთის გულისთვის, არ შეიძლება, რომ ამ კაცმა შეინარჩუნოს ძალაუფლება“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესახებ განაცხადა.
„დიქტატორი, რომელიც ცდილობს აღადგინოს იმპერია, ვერასდროს წაშლის ხალხის სიყვარულს თავისუფლებისადმი, სისასტიკე არასდროს შეამცირებს მათ ნებას იყვნენ თავისუფალნი. რუსეთი ვერასდროს მიაღწევს გამარჯვებას უკრაინაში“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
როიტერსის ინფორმაციით, ბაიდენის სიტყვას გამოეხმაურნენ კრემლში და განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის, დარჩება თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ძალაუფლება.
თავის მხრივ, თეთრმა სახლმა ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და დააზუსტა, რომ ბაიდენი რუსეთში რეჟიმის ცვლილებას არ ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეების წინ სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით რუსეთისთვის ეს ომი სტრატეგიული მარცხია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის მოსახლეობასაც მიმართა და განაცხადა, რომ პუტინის აგრესიამ 21-ე საუკუნეში რუსეთის მოსახლეობა მთელ მსოფლიოს მოსწყვიტა და მე-19 საუკუნისკენ მიათრევს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დემოკრატიული ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.