NATO-მ საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გაააქტიუროს - იენს სტოლტენბერგი

23 მარტი 2022, 18:26 962 ნახვა

NATO-მ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გაააქტიუროს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს ლიდერების სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე.

"ვიმედოვნებ, რომ შევთანხმდებით, გავააქტიუროთ ინდივიდუალური მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან. მათ შორის საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინაა. ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, დაიცვან სუვერენიტეტი და უფლება, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ხვალ NATO-ს ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

"უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება გაერო-ს ქარტიის შესაბამისად. ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს, რომ დაიცვან ეს უფლება. 2014 წლის შემდეგ, მოკავშირეები წვრთნიდნენ უკრაინელ სამხედროებს და მნიშვნელოვნად გააძლიერეს მათი შესაძლებლობები. ამას ახლა პრაქტიკაში იყენებენ დიდი სიმამაცით. გასულ თვეში მოკავშირეებმა გაზარდეს სამხედრო მხარდაჭერა და უზრუნველყოფენ ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის სისტემების, უპილოტო საფრენი აპარატების, საწვავის და შეიარაღების მიწოდებას. ასევე, ფინანსურ დახმარებას და მასპინძლობენ მილიონობით ლტოლვილს.

დარწმუნებული ვარ, ხვალ ლიდერები მხარს დაუჭერენ დამატებით მხარდაჭერას, რაც გულისხმობს კიბერუსაფრთხოების კუთხით დახმარებას, ასევე აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც დაეხმარება უკრაინას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დაცვაში. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა იმის უზრუნველყოფაში, რომ ომის ესკალაცია არ მოხდეს უკრაინის გარეთ და არ გადაიქცეს NATO-ს და რუსეთის კონფლიქტად. ეს გამოიწვევს მეტ მსხვერპლს და განადგურებას“, -  განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი