არანაირი იარაღის დაყრას არ ვაპირებთ ჩვენს გამარჯვებამდე, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი „უკრაინა 24“-ის ეთერში ჰაკერული თავდასხმის შედეგად გასულ განცხადებას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეუძლია იარაღის დაყრა მხოლოდ რუს სამხედროებს შესთავაზოს.
„ბოლო ბავშვური პროვოკაციით, მე თითქოსდა ვთავაზობ იარაღის დაყრას. იარაღის დაყრისა და სახლში დაბრუნების შეთავაზება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხედროებისთვის შემიძლია. ჩვენ სახლში ვართ, ვიცავთ ჩვენს მიწას, შვილებს და ოჯახებს. ასე რომ, არანაირი იარაღის დაყრას არ ვაპირებთ ჩვენს გამარჯვებამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ტელეარხ „უკრაინა 24“-ის განცხადებით, დღეს მტრის ძალების ჰაკერებმა გატეხეს ტელეკომპანიის ეთერის მორბენალი სტრიქონი და ვებგვერდი, სადაც კაპიტულაციის შესახებ ზელენსკის ყალბი განცხადება განათავსეს.