უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე განმარტებით, ამის შემდეგ მოსკოვი შეეცდება ეს ფაქტი უკრაინულ მხარეს დააბრალოს.
„ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფაში ჩვენი სამხედროების მონაწილეობის იმიტაციისთვის, დამპყრობლები ცდილობენ, შექმნან ყალბი „მტკიცებულებები“ თავიანთი ვერსიის დასადასტურებლად. კერძოდ, ჰოსტომელში, ანტონოვის აეროპორტის მახლობლად, შენიშნეს რუსული რეფრიჟერატორი სატვირთო ავტომობილები, რომლებიც დაღუპული უკრაინელი მებრძოლების ცხედრებს აგროვებდნენ. არსებობს შესაძლებლობა, რომ მათ აგროვებენ ჩერნობილის ზონაში „ლიკვიდირებული დივერსანტებისთვის“, – ნათქვამია უკრაინის დაზვერვის ცნობებში.
უწყების ცნობით, სამხედრო ოპერაციიდან და პირდაპირი მოლაპარაკებებიდან სასურველი შედეგის ვერმიღების გამო, პუტინი მზად არის, მიმართოს მსოფლიო საზოგადოების ბირთვულ შანტაჟს.
ამ დროისთვის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონიტორინგის სისტემებიდან მთლიანად გათიშულია.
ჩერნობილის სადგურის პერსონალი 2 კვირაა ოკუპანტებითაა გარშემორტყმული. მათ შეზღუდული აქვთ წვდომა საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე.