მუშაობის დაწყების შემთხვევაში არ შეგამოწმებთ 4 წელი და არ მოგიხსნით სოციალურ დახმარებას - პრემიერი

23 თებერვალი 2022, 22:59 7610 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც მუშაობას დაიწყებენ, მათ სოციალური დახმარება 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ.

მისივე განმარტებით, პროექტისთვის კი 100-დან 150-მლნ ლარამდეა გამოყოფილი.

"ჩვენ ამ ადამიანებს მივაჩვიეთ სიზარმაცე, პირდაპირ ვეუბნებოდით, რომ არ გაბედო მუშაობის დაწყება! თუ იყიდი ტელევიზორს, მაცივარს, მოგიხსნი დახმარებას. ეს ხომ კატასტროფაა, ეს არის საშინელი სისტემა. ახლა ვეუბნებით პირიქით, მეტი ფული იშოვეთ, მიეჩვიეთ მეტი ფულის შოვნას, მეტი კეთილდღეობა შეიტანეთ ოჯახში, იყიდეთ ტელევიზორი, მაცივარი, გააუმჯობესე გარემო, ყველაფერი, ჩვენ არ შეგამოწმებთ 4 წელი და არ მოგიხსნით დახმარებას.

ჩვენ ჯამში, წელს მაგალითად გამოყოფილი გვაქვს 100-დან 150-მლნ ლარამდე. ღმერთმა ქნას, ჩემი დიდი სურვილია, რომ წელს უკვე 100 000 ადამიანი იქნას ჩართული, საოცრება იქნება ეს თუ მოხდება და ამ სამ წელიწადში 200 000 ადამიანი რომ დავასაქმოთ და გავშალოთ ყველგან. აი, მაგალითისთვის გეტყვით, რომ როცა მოძრაობთ, რეგიონებში რომ დადიხართ ამდენი ნანგრევით არის სავსე მიტოვებული შენობები. ბევრი შეიძლება საზოგადოებრივი იყოს, ბევრი შეიძლება კერძო იყოს, არის გაჩეხილი ტყეები და უამრავი სხვა სამუშაო, რომელიც გასაკეთებელი გვაქვს. მოსავლელია ქვეყანა, დასალაგებელია ქვეყანა. აი, ამ პროცესში მინდა, რომ ჩავრთო ეს ადამიანები, ეს უზარმაზარი ჯარი მინდა ჩაერთოს და მათ მეტი ფულიც იშოვონ, მეტი კეთილდღეობაც, დასაქმდნენ, მუშაობა ისწავლონ, უნარები გამოუმუშავდებათ, მერე შეიძლება წავიდნენ კერძო სექტორში, იქ გამოსცადონ საკუთარი უნარები და ასე ნელ-ნელა ეს მენტალიტეტი შევცვალოთ. ჩვენ რეალურად ამ ადამიანების ოჯახის მოწყობას შევცვლით“, - აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში