ალექსანდრე მითაიშვილის წარმომადგენლის განცხადებას აჭარის მაუწყებელი ეხმაურება 

04 თებერვალი 2022, 16:57 1161 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, მოქალაქე ალექსანდრე მითაიშვილის წარმომადგენლის, ადვოკატ მინდია ალელიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

მაუწყებლის განმარტებით, ალექსანდრე მითაიშვილსა და მის წარმომადგენელს ახალი ამბების მიერ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით პრეტენზიების წარმოშობისთანავე, ჰქონდათ შესაძლებლობა დაეცვათ საკუთარი უფლებები.

,,მათ ისარგებლეს მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმით და მიეცათ საშუალება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გაესაჩივრებინათ სააპელაციო წესითაც, თუმცა მომჩივანის მხრიდან პროცედურული ვადების დაუცველობის გამო მეორე ინსტანციაში განხილვა ვერ შედგა.

რაც შეეხება ქარტიის მიერ დადგენილ დარღვევებს ის, ვერ და არ შეიძლება იქცეს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფის ან ჟურნალისტის მხრიდან ბოდიშის მოხდის მოთხოვნის საფუძვლად, რადგან ქარტია წარმოადგენს მედიის თვითრეგულირების ორგანოს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. ადვოკატ მინდია ალელიშვილს უნდა ესმოდეს ისიც, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კანონით არის დაცული.

შესაბამისად, ვინც თვლის, რომ მედიასაშუალებამ მის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა ან ცილი დასწამა, ამის დასამტკიცებლად საკმარისი საფუძვლები უნდა ჰქონდეს. ამასთან, მაუწყებელს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფისა და ბოდიშის მოხდის ვალდებულება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ყველა სხვა შემთხვევაში მისთვის მსგავსი მოთხოვნების წაყენება შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ზეწოლის მოხდენის და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობად.

ამის გათვალისწინებით, ახალი ამბების სამსახურისთვის რაიმე მითითებების მიცემის შესაძლებლობას მოკლებულია მაუწყებლის ხელმძღვანელობაც. თუმცა, მენეჯმენტი დარწმუნებულია მაუწყებელში დასაქმებული თითოეული ჟურნალისტის მაღალ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში და აქვს მოლოდინი, რომ თუ ალექსანდრე მითაიშვილის პრეტენზიების მართებულობა სამართლებრივად დადასტურდება, მას მოჰყვება შესაბამისი რეაგირებაც'' - წერია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი