დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის "ომიკრონი" შტამი აქტიურად ცირკულირებს.
ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ,,ომიკრონის'' 1754 ფაქტი, საიდანაც 1184 შემთხვევა შეისწავლეს.
მისივე განმარტებით, 1184 პაციენტიდან 3 გარდაიცვალა. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 38 პაციენტს.
„ყველა დადებითი შემთხვევის 90-95%-ში უკვე „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებულია 1754 „ომიკრონის“ შემთხვევა. აქედან შესწავლილია დეტალურად 1184 შემთხვევა. 1184 შემთხვევიდან 50% იყო ორჯერ ვაქცინირებული და 14%-ში გვაქვს რეინფიცირება, ანუ ადამიანი, ვისაც მანამდე ჰქონდა „დელტა“, დაემართა „ომიკრონი“. ამ 1184-დან 38-ის შემთხვევაში გახდა ჰოსპიტალიზაცია საჭირო.
1184-დან 3 შემთხვევაში გვქონდა გარდაცვალება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იანვრის განმავლობაში ან დეკემბრის მეორე ნახევარში „ომიკრონისგან“ გარდაიცვალა მხოლოდ 3 ადამიანი, იმიტომ რომ ეს გახლავთ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მოსახლეობის 80%-ზე მეტს აქვს იმუნური ფენა.
„ბოლო წერტილამდე არ მივსულვართ, მაგრამ დაახლოებითი მოდელირება, რაც გვაქვს, დღეს ეს 80%-ზე უფრო მაღალია, მაგრამ ბოლო ციფრი არ მინდა, შემეშალოს. ამიტომ, ვერ გეტყვით ჯერ, რადგან ეს არ არის ბოლო ჩვენი შიდა კონსენსუსი. გიდასტურებთ, რომ იმუნური ფენა 80%-ზე მაღალია“, – აღნიშნავს გამყრელიძე.