ბათუმში თოვლმა პრობლემები შექმნა - ქალაქში გადაადგილება გართულებულია

20 იანვარი 2022, 10:57 3354 ნახვა

აჭარაში მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გადაადგილების კუთხით. შიდა სასოფლო გზების ნაწილი ისევ ჩაკეტილია. მოქალაქეები ამბობენ, რომ სოფლიდან ცენტრალურ გზამდე მისასვლელად რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარეს. 

გართულებულია გადაადგილება დაბალი გამავლობის ავტომობილებით.

 ამ წუთებში საცობია ჩაქვის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალებს, მოქალაქეების თქმით, გზა იწმინდება, თუმცა ინტენსიურად თოვს და საავტომობილო გზები ისევ თოვლით იფარება. 

პრობლემებს ქმნის ასევე მოცურებული ავტომობილები. რის გამოც გზებზე გადაადგილება შეფერხებულია.  ავტომობილების ნაწილი გადასულია გზის სავალი ნაწილიდან და დახმარებას ელოდებიან . გზაზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები, რომლებიც მძღოლებს გადაადგილებაში ეხმარებიან.

რაც შეეხება ბათუმს. მძღოლების თქმით, ქალაქში ძირითადად ცენტრალური ქუჩები იწმინდება, სხვა  მოსაწესრიგებელია, მათ შორის შემოერთებული ტერიტორიები, რაც  გადაადგილების კუთხით პრობლემას ქმნის.

ასევე გასაწმენდია ტროტუარები. 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გზები ღამის განმავლობაში თოვლის საფარისგან იწმინდებოდა და მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

ბათუმში რამდენიმე დღეა თოვს. ნალექიანი ამინდი დღესაც შენარჩუნდება. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში