უხვმა ნალექმა ქობულეთის რამდენიმე სოფელში გადაადგილების პრობლემა შექმნა - შეფერხებებია ენერგომამარაგებაშიც

17 იანვარი 2022, 10:33 1139 ნახვა

ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აღწევს და ამ დრომდე თოვს.

ქაქუთი, აჭყვისთავი, ზენითი, კვირიკე, სოფელი დაგვა, ჩაქვისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში უხვმა ნალექმა გადაადგილების კუთხით პრობლემები შექმნა. 

დიდთოვლობამ ცხემვანას ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში და სოფელ გორგაძეებში ელექტრო ენერგიის სადენები ჩაწყვიტა და აბონენტებს დილიდან ელექტრო ენერგია არ მიეწოდებათ.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ტექნიკური ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს შეკეთება.

"მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების გასაწმენდად. მუშაობს საგზაო დეპარტამენტის 8 ტექნიკა, შიდა სასოფლო გზებზე ვახმართ ჩვენს ტექნიკას. ცხემვანაში არ მიეწოდება 5 ოჯახს შუქი. დღის ბოლომდე აღდგება შუქის მიწოდება. გორგაძეების მიმართულებითაც რამდენიმე ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია და რამდენიმე საათში აღდგება მიწოდება.

ნაწილი ადმინისტრაციული ცენტრების გაწმენდილია.

შეტყობინებები ამ ეტაპზე შემოსული არ არის. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადმინისტრაციული ცენტრების დასრულების შემდეგ, დაიწყება მეორე ხარისხდოვანი გზების გაწმენდა"- განაცხადა ლევან ზოიძემ.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ქობულეთის განყოფილების უფროსის ერეკლე კახიძის განმარტებით, დილიდან გზების გასაწმენდად მუშაობს 8 ერთეული მძიმე ტექნიკა.

"საავტომობილო გზების 8-ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული გზების გაწმენდის პროცესში. პირველ რიგში იწმინდება შიდა სასოფლო გზები. რაც შეეხება სოფლის ცენტრამდე მისასვლელ საავტომობილო გზებს სრულად გაწმენდილია.  გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გზების გაწმენდის პროცესი. პრიორიტეტია, ის სოფლები, სადაც გარდაცვლილი და ავადმყოფი ჰყავთ. მოქალაქეებს დისკომფორტი რომ არ შეექმნათ გადაადგილების კუთხით"-განაცხადა ერეკლე კახიძემ.

რაც შეეხება ქალაქის ნაწილს, აქ გზებზე თოვლჭყაპია.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი