ბათუმში, ჯავახიშვილის №47-ში მცხოვრებ ოჯახებს გუშინ, გვიან ღამით, საცხოვრებელი სახლების დატოვება მოსთხოვეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ დაზიანებულია კორპუსის ერთ-ერთ ბინაში საყრდენი ბოძი.
მათი თქმით, ბზარები 24 დეკემბერს შეამჩნიეს, მიმართეს მერიას და ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ღამით 11 საათზე მივიდნენ და უთხრეს, რომ ფართები დროებით უნდა დაეცალათ.
გურამ საგინაძე ყვება, რომ ოჯახი ქირით 24 დეკემბერს გაიყვანა, იმავე დღეს, როცა ერთ-ერთ ოთახში საყრდენ ბოძზე ბზარები შენიშნა. მისი თქმით, შენობა ძველია და სავარაუდოდ დაზიანებულია. ამბობს, რომ ფართი მიშენებული არ აქვს.
"მდგომარეობა ძალიან მძიმეა, 24 დეკემებერს გასკდა საყრდენი კედელი. მივმართეთ ზემდგომ ორგანოებს, მერიას, საკრებულოს, გადაიგზავნა თბილისში ექსპერტიზის ბიუროში. ახლა ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა დასკვნა იგვიანებს. მერიამ ორი სადარბაზოს მცხოვრები ოჯახები გამოგვიყვანეს, გვითხრეს, რომ ქირით გავსულიყავით საცხოვრებლად და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაწყდებოდა საკითხი. ბევრს ჯერ ქირითაც არ უნახავს ბინა, შევეცდებით ვიპოვოთ და გადავიდეთ. მე ჩემი ოჯახი 24 დეკემბრის შემდეგ გაყვანილი მყავს ქირით. მიზეზი რა არის კედლის გახეთქვის არ ვიცი, ველოდებით დასკვნას, რომელმაც უნდა დაადგინოს შეიძლება თუ არა აქ ცხოვრება. ჩემი აზრით ეს არის ამორტიზირებული შენობა და სავარაუდოდ იშლება"- აცხადებს გურამ საგინაძე.
ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან. ოჯახები დროებით ნათესავებთან გავიდნენ და საქირავებლად ბინას ეძებენ. ქირის თანხას კი ბათუმის მერია გადაიხდის.
ექსპერტიზის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება.
სახლს ოთხი სადარბაზო აქვს, ამ ეტაპზე პირველი და მეორე სადარბაზოს მცხოვრებლებს მოუწიათ ბინების დატოვება. მოქალაქეების თქმით, ოჯახების ნაწილი ჯერ კიდევ ბინაში რჩება, რადგან წასასვლელი არ აქვთ.