კრემლი აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების სრულად გაწყვეტას არ გამორიცხავს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგას ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრის დროს მიანიშნა და ამის წინაპირობად ვაშინგტონის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება დაასახელა. პუტინ-ბაიდენის სატელეფონო საუბრის დეტალები ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა გაასაჯაროვა. მისი თქმით, ეს იყო პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელმაც პუტინს უთხრა, რომ უკრაინის საზღვრებთან ესკალაციის შემთხვევაში ვაშინგტონი მასშტაბური სანქციების დაწესებას აპირებს. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი კრემლის ინიციატივით 30 დეკემბერს გაიმართა. ლიდერებმა უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების მობილიზაციის საკითხი განიხილეს.