კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ბათუმში ჟურნალისტების დაკავებისა და ცემის ფაქტებს ეხმიანება

21 დეკემბერი 2021, 19:27 797 ნახვა

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ბათუმში ჟურნალისტების დაკავებისა და ცემის ფაქტებს ეხმიანება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს,  ჟურნალისტების ცემის საქმეზე, საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს.

"2021 წლის 20 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, [1] ონლაინპლატფორმა "მაუწყებლის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი გიორგი არობელიძე და სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი რატი რატიანი ბათუმში, პოლიციის მე-6 განყოფილებაში სცემეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი 17 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, დააკავეს ადმინისტრაციული წესით. დაკავებამდე მათზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. გიორგი არობელიძის განმარტებით, ისინი პოლიციელებისგან არაფხიზელ მოქალაქეზე ძალადობის შეწყვეტას მოითხოვდნენ, როცა სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ და, ირიბად, მათგან ჩვენების შეცვლასაც მოითხოვდნენ.

ცნობილია, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით. დაკავებულები კი შაბათს, 18 დეკემბერს, გაათავისუფლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. საქმის განხილვა პარასკევს, 24 დეკემბერს, არის დანიშნული.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ სამართლიანი და ობიექტური გამოძიების პირობებში უნდა დადგინდეს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების დეტალები და მოხდეს სათანადო რეაგირება.

კოალიცია მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ფოტო: ნეტგაზეთი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი