20 ივნისს დაზარალებულმა მაკო გომურმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
იგი სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო სარჩოს დაკისრებას ითხოვს.
''როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. შსს-ს მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების სროლის შედეგად მაკომ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო. კერძოდ, მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც დაკარგა თვალი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას მიღებული აქვს სხეული დაზიანება მძიმე ხარისხით, რამაც გამოიწვია საერთო შრომისუნარიანობის შემცირება. საქმეზე, მოსარჩელის ინიციატივით, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, რომლებსაც ეფუძნება სასარჩელო მოთხოვნები.
მაკო გომურის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. აღსანიშნავია, რომ საიას 20-21 ივნისს დაზარალებული 8 პირის სახელით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით უკვე აქვს სარჩელები სასამართლოში წარდგენილი. სხვა დაზარალებულების სახელითაც უახლოს მომავალში იგეგმება სასამართლოში სარჩელების წარდგენა'' - წერია საია-ს განცხადებაში.