სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი შეაჩეროს. ნინო ლომჯარია აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისივე თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირება, მანამდე კი, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია.
„სამწუხაროდ წლიდან წლამდე მცირდება იმ განმცხადებლების რაოდენობა, რომლებიც გამოთქვამენ ინტერესს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, რაც შერჩევის პროცედურის მიმართ უნდობლობას აჩვენებს. 9 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადება მხოლოდ 51-მა კანდიდატმა წარადგინა, საიდანაც 17-მა თავისი კანდიდატურა მოხსნა, 3 კანდიდატი კი საბჭოს გადაწყვეტილებით გამოეთიშა კონკურსს. 1 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრირებული ჯამში 18 კანდიდატიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ 5 მათგანის შეფასება შეძლო, ვინაიდან დანარჩენებმა საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ორივე კონკურსის ჯამში დამატებითი განცხადება მხოლოდ 3-მა კანდიდატმა წარადგინა, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული მექანიზმის არაეფექტიანობასა და ხარვეზულობას.
განსაკუთრებულად გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ მეორე კონკურსში კანდიდატებთან გასაუბრებასა და მათ შეფასებაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 10 წევრი - 9 მოსამართლე წევრი და პრეზიდენტის მიერ დანიშნული 1 წევრი, ვინაიდან ამ დროისათვის პარლამენტის მიერ არჩეულ 5-ვე არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა ამოწურული ჰქონდა, ხოლო მათ ნაცვლად ახალი წევრები პარლამენტს ამ დრომდე არ აურჩევია.
საქართველოს პარლამენტმა უვადოდ პირველად 2019 წლის 12 დეკემბერს აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, 2021 წლის 12 ივლისს კი დამატებით 6 მოსამართლე განაწესა უვადოდ უზენაეს სასამართლოში. ამ გადაწყვეტილებებმა, რომლებიც სამართლებრივი თვალსაზრისით საკმაოდ პრობლემური იყო, დიდი დარტყმა მიაყენა მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში.
კვლავინდებურად მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მოვუწოდებთ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის მიმდინარე პროცესი და დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმაზე მუშაობა, რაც გადამწყვეტია ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისათვის“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.