საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ (ITA) ანტიდოპინგური წესების დარღვევის ფაქტზე 13 ძალოსანი გამოავლინა, რომელთა შორის ორი ქართველი სპორტსმენია.
ITA-მ ხელმეორედ გადაამოწმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე აღებული სინჯები და საერთო ჯამში 13 სპორტსმენს დაუდგინდა აკრძალული ნივთერებების მოხმარება. ამ სიაში მოხვდა 2 ქართველი ძალოსანი .
2012 წლის აპრილში, თურქეთის ქალაქ ანტალიაში 85 კგ-მდე წონით კატეგორიაში რაულ ცირეკიძემ ორჭიდის ჯამში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო მძიმეწონოსანი ირაკლი თურმანიძე (+105 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ცირეკიძისა და თურმანიძის გარდა, სიაში 4 თურქი, 2 რუმინელი და თითო რუსი, ალბანელი, ბელარუსი, მოლდოველი და კვიპროსელი სპორტსმენია. კვლევა გერმანიის ქალაქ კიოლნში, WADA-ს (მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო) მიერ აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩატარდა.
დებულების თანახმად, ძალოსნებს უფლება აქვთ კიდევ ერთი კვლევა მოითხოვონ, თუმცა ვიდრე საქმის წარმოება არ დასრულდება, მათ შეჯიბრებზე გამოსვლის საშუალება არ ეძლევათ.