"ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოახერხა და შექმნა ე.წ. მეგობართა კლუბები, ვგულისხმობ ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებულ ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც დღესაც აქტიურობენ და არა ქვეყნის მეგობართა კლუბებში, არამედ პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ მათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მარტივი ასახსნელია, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი.
"ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, დაგეგმილ საინფორმაციო, ფსიქოლოგიურ ომს ვუპასუხოთ ჩვენი საქმით. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ ყველა მიმართულებით გვქონდა ხელშესახები პროგრესი. ყოფილი ხელისუფლების მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის, ევროპაში, აშშ-ში და მათი განცხადებები ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის აბსოლუტურად უინტერესოა. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ. მეგობართა კლუბები. ვგულისხმობ ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრში დასაქმებულ ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც დღესაც აქტიურობენ და არა ქვეყნის მეგობართა კლუბებში, არამედ პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ მათ. მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული. სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა პირადი ან პარტიის შემოწირულებებიდან. შესაბამისად, ჩემთვის მარტივი ასახსნელია, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი - არ არის საინტერესო ჩემთვის, მითუმეტეს, ჩვენი მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.