ვაპირებთ, ყველა ფორმით ხელი შევუშალოთ ბათუმის ვადაგასული საკრებულოს მიერ 2022 წლის კორუფციული ბიუჯეტის მიღებას - ოპოზიცია

23 ნოემბერი 2021, 12:05 1876 ნახვა

ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა ფორმით, ხელი შევუშალოთ ვადაგასული საკრებულოს მიერ 2022 წლის კორუფციული ბიუჯეტის მიღებას - განცხადება ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკეთეს.

მათივე განმარტებით, "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს დაშალოს ოპოზიციური საკრებულო და მოიფიქრეს შემდეგი, ვადაგასულ საკრებულოს ყოველგვარი წესის, სამართლის, კანონის დარღვევით მიაღებინონ ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი. ახალარჩეული საკრებულოს წევრებს მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობაც კი არ მიუღიათ.

ოპოზიცია აღნიშნულზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას,  ,,ქართულ ოცნებას'' და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ საკითხით დაინტერესდნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ არალეგიტიმური საკრებულოს მიერ სხდომის ჩატარებას ფიზიკური ძალისხმევის ხარჯზე შეუშლიან ხელს.

"არჩევნების მეორე ტური გაიმართა 30 ოქტომბერს. გუშინ, ბათუმის მერი შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას, ეს იმ ფონზე, როცა ბათუმს უკვე ორი თვეა ყავს არჩეული საკრებულო და მას ცენტრალური საარჩევნო კომისია და ,,ქართული ოცნება'' არ აძლევს მუშაობის დაწყების საშუალებას.

"ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს დაშალოს ოპოზიციური საკრებულო. ამასთან ერთად მათ არ უნდათ, რომ ბათუმში ჩატარდეს მერის ხელახალი არჩევნები და მოიფიქრეს შემდეგი - ვადაგასულ საკრებულოს ყოველგვარი წესის, სამართლის, კანონის დარღვევით მიაღებინონ ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი. საკრებულოს წევრის მთავარი უფლებამოსილება არის მიიღოს და აკონტროლოს ბიუჯეტი.

ზეგ ჩატარდება ვადაგასული საკრებულოს სხდომა, ისინი მიიღებენ 2022 წლის ბიუჯეტს და წავლენ სახლში. ეს ყველაფერი ვფიქრობ არის მნიშვნელოვანი დარღვევა და  ხმა უნდა ამოიღოს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, იმ ადამიანებმა  რომლებიც წლების განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის განმტკიცებისათვის ძალიან დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურს ხარჯავდნენ. მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" უარი თქვას ამ უაზრო გადაწყვეტილებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა ფორმით, ხელი შევუშალოთ ვადაგასული საკრებულოს მიერ 2022 წლის კორუფციული ბიუჯეტის მიღებას"- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

პარტია "ლელო"-ში აცხადებენ, რომ ისინი არალეგიტიმური საკრებულოს მიერ სხდომის ჩატარებას ფიზიკური ძალისხმევის ხარჯზე შეუშლიან ხელს.

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ახალარჩეული დეპუტატები შევლენ საკრებულოს სხდომაზე და 2022 წლის ბიუჯეტის მიღებას არ დაუშვებენ.

"ამ ქალაქს, კორუფციული ბიუჯეტით, ართმევენ განვითარების შესაძლებლობას. ვინაიდან 2017 წელს არჩეული საკრებულო ამტკიცებს 2022 წლის ბიუჯეტს. ამ ყველაფრის გადაბარება შემდეგ უნდათ ოპოზიციაზე. პოლიტიკური პასუხისმგებელობა  ეკისრება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მათ მოუწევთ ყველაფერზე პასუხისგება და ჩვენ ვაპირებთ უკომპრომისო ბრძოლას.

ფიზიკურად ჩაშლა ნიშნავს, რომ შევალთ საკრებულოს სხდომაზე. ჩვენ ვართ არჩეული დეპუტატები და ამის უფლება გვაქვს. არც ერთი ახალარჩეული დეპუტატი არ იყო ჩართული ბიუჯეტის მიღების პროცესში, რომლის მაკონტროლებელიც უნდა იყოს უკვე ახალი საკრებულო. შესაბამისად ნებისმიერი ფორმით 2022 წლის ბიუჯეტის მიღება იქნება უკანონო და ეს არ მოხდება ბათუმში"-განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

გენრი დოლიძის თქმით, რიგგარეშე სხდომებმა აჩვენა, რომ ''ქართულ ოცნებას'' ბიზნესმენების ნაწილთან კორფუფციული გარიგებები აქვს, წინასაარჩევნოდ შემოწირულობები გააკეთებიეს, შემდეგ კი ''პატივი სცეს'' და პროექტის განხორციელებისას k2 კოეფიცინეტები გაუზარდეს. 

''არჩილ ჩიქოვანმა და ნებისმიერმა საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ არჩევნები წააგო,  რომ ხალხისგან ლეგიტიმაცია არ აქვს. შეუძლებელია ქალაქში, სადაც ოპოზიციას ხმას აძლევს მოქალაქეების 60%, იქ არჩვნების გაყალბების გზით მოსული მერი მუშაობდეს. ამ გზით ცდილობს წინა მოწვევის საკრებულოს შეანარჩუნებიოს ხონჩით ნაბოძები და მეჯვარეობით მოპოვებული თანამდებობა'' - განაცხადა გენრი დოლიძემ. 

''დროას'' წარმომადგენელი დიმიტრი დარჩია კოლეგებს მოუწოდებს, ნუ მიიღებენ უმსგავსობაში მონაწილეობას და 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პრეროგატივას ახალი მოწვევის საკრებულოს ნუ წაართმევენ. 

''მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ,,სპეცოპერაციაში'', ბათუმის თვითმმართველობას არ ახსოვს ჯერ ისეთი უმსგავსობა, რის გაკეთებასაც ისინი აპირებენ. მოვუწოდებ ყველას, ნუ წაართმევენ ახლადარჩეულ საკრებულოს წევრებს იმის უფლებას, რომ ბიუჯეტი დაამტკიცონ. 2017 წლის მოწვევის საკრებულო ღებულობს 2022 წლის ბიუჯეტს, ციფრებს შევხედოთ და გასაგები გახდება. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას, რომ ბიუჯეტი მიიღონ'' - განაცხადა დიმიტრი დარჩიამ.  

ოპოზიციის საერთო განცხადების  არ შეუერთდნენ საკრებულოს არჩეული წევრები გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი