ჯანდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მართვის პროცესში ჩვენი ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა ითხოვა - ომბუდსმენი

22 ნოემბერი 2021, 20:18 749 ნახვა

სახალხო დამცველი ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნაზე, მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მართვის პროცესში ექსპერტთა ჩართვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, გაითვალისწინებს თხოვნას, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებსა და რეკომენდაციებს ე.წ. მეორე აზრის წარდგენის მიზნით პერიოდულად, სრულფასოვნად გაუზიარებს სამინისტროს.

"2021 წლის 22 ნოემბერს სახალხო დამცველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიმართა და მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მართვის პროცესში კონსულტაციის გაწევისა და ალტერნატიული აზრის მოსმენის მიზნით, სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჩართვა სთხოვა.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი აგრძელებს საქმიანობას უცვლელად, თავდაპირველი შემადგენლობითა და მანდატით. მულტიპროფილურ ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფის ფუნქციას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ექსპერტიზა და სახალხო დამცველისთვის დასკვნების/მოსაზრებების წარდგენა.

უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მართვა სახალხო დამცველისა და მის მიერ მოწვეულ ექსპერტთა მანდატს არ მიეკუთვნება. თუმცა, სახალხო დამცველი გაითვალისწინებს ჯანდაცვის მინისტრის თხოვნას და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებსა და რეკომენდაციებს პერიოდულად, სრულფასოვნად გაუზიარებს სამინისტროს ე.წ. მეორე აზრის წარდგენის მიზნით.

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უახლოეს მომავალში განხორციელდება.

აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განთავსების პირობები და გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებები სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 2021 წლის 20 ნოემბერს უკვე შეამოწმეს. პირველადი შემოწმების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული საკითხები (დასახელდა სასეირნო სივრცისა და ფანჯარასთან დაკავშირებული პრობლემები, სამედიცინო მანიპულაციების ნაწილზე უსაფრთხოების თანამშრომლების დაკვირვება, ვიდეოჩაწერა), რასთან დაკავშირებითაც შედგა მყისიერი კომუნიკაცია შესაბამის უფლებამოსილ პირებთან. ერთ ეპიზოდში ვიდეოჩაწერის კანონიერების შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. პირობებთან დაკავშირებით დასახელებული საკითხების შესახებ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებისგან მიიღეს შესაბამისი რეაგირების პირობა, რისი შედეგებიც ასევე შემოწმდება გონივრულ ვადაში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი