მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, სააკაშვილი საკუთარი ნებით მას შემდეგ გაჰყვა დაწესებულების თანამშრომლებს, როცა მას მოატყუეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.
მისივე ინფორმაციით, სააკაშვილმა გლდანის ციხეში მიყვანის შემდეგ გაიგო, თუ სად იმყოფებოდა.
თუთბერიძის განცხადებით, სააკაშვილზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას არავითარი გავლენა არ ექნება, უბრალოდ, არის ძალიან კარგი ინდიკატორი, სადამდე დაეშვა ქართული სახელმწიფო. ასევე, ჟურნალისტებთან ისაუბრა გუშინ განვითარებულ მოვლენებზე .
"მასთან მივიდნენ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის ციხის დირექტორი ზურაბ მოდებაძე და ამ ადამიანების სახელ-გვარებს აღარავინ დაფარავს, რადგანაც ყველამ უნდა იცოდეს იმ სირცხვილის შესახებ, რასაც ისინი წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოსთვის და მართლმსაჯულებისთვის. შევიდნენ საკანში, უთხრეს, რომ გადაჰყავდათ ერთ-ერთ ცენტრალურ, სამოქალაქო კლინიკაში და ჩაელაგებინა ბარგი. პრეზიდენტმა სცადა დეტალებში გარკვევა, თუმცა უთხრეს, რომ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერ ეტყოდნენ უფრო ზუსტ ინფორმაციას და სთხოვეს, მომზადებულიყო და წაყოლოდა. პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, გაყვა საკუთარი ნებით, რადგან მოატყუეს ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დარღვევით, ჩასვეს მანქანაში და მან მხოლოდ აქ მოსვლის შემდეგ გაიგო, სად იმყოფებოდა.
მან, ბუნებრივია, უარი განაცხადა მანქანიდან გამოსვლაზე, რადგან ეს არ იყო, რაზეც თანხმობა ჰქონდა გაცემული და მას სრული უფლება აქვს, უარი თქვას სამედიცინო ჩარევაზე, რის შემდეგაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტი იძულებით, ათამდე სპეცრაზმელმა ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა გადმოათრია ატეხილი ორგანიზებული ხმაურის ფონზე, პატიმრების მხრიდან, რომლებსაც წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია, საკუთარმა თანამზრახველებმა, ამჟამად ხელისუფლებაში მყოფებმა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოყავდათ; მათ დაიწყეს მორალური შეტევა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც არავითარი გავლენა არ ექნება არც მესამე პრეზიდენტზე, არც მისი უფლებების დამცველებზე, უბრალოდ, არის ძალიან კარგი ინდიკატორი, თუ სადამდე დაეშვა ქართული სახელმწიფო. მიხეილ სააკაშვილი ათამდე ადამიანმა იძულებით, წელზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევით მიიყვანეს დაწესებულებამდე და იძულებით მოათავსეს პალატაში.
ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი მესამე პრეზიდენტის მიმართ და არა მის მიერ, ის უწევდა წინააღმდეგობას, თუმცა არ არსებობს არც ერთი ადამიანი, ვისაც ხელი დაარტყა. პალატაში იძულებით მოთავსების შემდეგ, ორმა ასევე ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა სცადა იძულებით სისხლის ანალიზის აღება და მას მიუახლოვდნენ შპრიცებით და ნემსებით, რაზეც სიტყვიერი უარი განაცხადა; ხოლო მას შემდეგ, რაც სცადეს გაეკავებინათ და ისე აეღოთ ანალიზი, მან კრა ხელი ანალიზატორს, რომელიც არ გაფუჭებულა, როგორც პატივცემულმა ფაფა ბრეგვაძემ განაცხადა, იუსტიციის მინისტრმა; ეს ანალიზატორი დღეს მუშაობს, უბრალოდ მოტყდა პლასტმასის დეტალი. დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ილუზორული ძალაუფლების შეგრძნება, ჰგონია, რომ ათამაშებს კუნთებს, თუმცა ცეცხლს ეთამაშება“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.