ასოცირებული ქვეყანა ვართ იმ ევროპის, რომელზეც სულხან-საბა ორბელიანი ოცნებობდა და მის შემდეგ ბევრი დიდი ქართველი - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ დღეს გვემსახურება ძლიერი დიპლომატია. ეს დიპლომატია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია ახლაც. ამიტომ სულხან -საბა ორბელიანის მოღვაწეობა, 300 წლის წინ იყო არსებითად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომ დიპლომატიურად ყოფილიყო აქტიური. მიღწეული იქნა თუ არა იმ დროს ის გეგმები და ამბიციები, გაცხადებული მიზანი, მაგრამ ეს იყო იმ გზის დასაწყისი, რომელზეც დღეს ვდგავართ. ბევრად უფრო აქტიურად, სულ სხვა მდგომარეობაში. ასოცირებული ქვეყანა ვართ იმ ევროპის, რომელზეც სულხან - საბა ორბელიანი ოცნებობდა და მის შემდეგ ბევრი დიდი ქართველი. ეს არის ყველა იმ ადამიანის ღვაწლის შედეგი - ახსენეთ, პირველი რესპუბლიკა, პირველი ელჩები, რომლებიც ბევრად უფრო რთულ პირობებში იბრძოდნენ იმავე მიზნისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული, როგორც ერთ-ერთი მათი ნაწილი, დემოკრატიული ქვეყანა, ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება იყოს სრულიად დამოუკიდებელი. დღესაც გვაქვს ეს გამოწვევა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სხვადასხვა გამოწვევებიდან გამომდინარე. ჩვენ დღესაც უნდა ვამტკიცებდეთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, გვაქვს უფლება, რომ ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული წევრი და არავინ უნდა წყვეტდეს ჩვენ მაგივრად რა არის ჩვენი გზა და ორიენტაცია - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ელჩებს დიდი მისია აკისრიათ, როცა საქართველოზე როცა იწერება სიცრუე იწერება, მათ სწრაფი რეაგირება უნდა ჰქონდეთ.
"ერთი საკითხია, რომელიც ასევე მაწუხებს. ბევრი რამ იწერება საქართველოზე. ვიცით, სხვადასხვა კუთხით ძალები ამაზე მუშაობენ და მგონი, ელჩები უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ. პოლიტიკურად შეიძლება, ბევრ რამეს ვერ უპასუხონ, რადგან ეს მათი საქმე არ არის, უნდა იყვნენ წარმომადგენლები ერთიანი საქართველოსი და არა რომელიმე პარტიის თუ რომელიმე მხარის, მაგრამ, როცა იწერება რამე, რაც არის სიცრუე და სჭირდება დაზუსტება, პასუხი, უფრო სწრაფი რეაგირება გვევალება. ჩვენთვის დიპლომატია არის გადარჩენის ფორმა. დიდი ქვეყნებისთვის ალბათ დიპლომატია რაღაც უფრო ლუქსის ნაწილია და ვიტყოდი, ბოლომდე ნაკლებად არიან დამოკიდებული ამ ერთ ინსტრუმენტზე. ჩვენ პრაქტიკულად, დამოკიდებული ვართ და ყველაფერი გადის ამ ხაზზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღე თქვენ და ჩვენს ელჩებს, ვინც საზღვარგარეთიდან დღეს დისტანციურად გვისმენენ. გისურვოთ წარმატება, გამძლეობა, რადგან დღევანდელ დაძაბულ მსოფლიოში ძალიან რთულია მისია, რაც გაკისრიათ. მინდა, ჩემი და საზოგადოების სახელით ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიათა სასახლეში გაიმართა და მას ხელისუფლებისა და დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.