ბათუმში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილები აღნიშნულ უწყებას მიმართავენ, რომ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი შეისწავლონ.
ისინი ასევე ითხოვენ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს და დადგეს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მათი თქმით, დგებუაძემ მზია ამაღლობელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაც ჰქონდა.
აქციის მონაწილეებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან "ბათუმელების" ოფისამდე მსვლელობა მოაწყვეს და სკანდირებენ "თავისუფლება მზია ამაღლობელს".