ქვეყანაში ეპიდვითარება არის მძიმე, ჯერჯერობით კლების ტენდენცია არ არის და არც უახლოესი დღეების განმავლობაში ჩანს რაიმე დამაიდებელი - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში აცრილთა რაოდენობა ძალიან დაბალია, იმდენად დაბალი, რომ თუ ეს მაჩვენებელი უცვლელი დარჩა, მაშინ კიდევ ერთი წლის განმავლობაში პანდემიას უნდა ვებრძოლოთ.
მისივე განცხადებით დეკემბერ-იანვარში კორონავირუსთან ერთად იქნება სხვა ტიპის ვირუსები, მათ შორის გრიპის ვირუსი და აღნიშნული 2 თვე იქნება კრიტიკული.
"მნიშვნელოვანია, რომ გრიპის ვირუსის მატება გამოიწვევს არა მხოლოდ ზოგადად ეპიდვითარების გაუარესებას, ასევე ეს იქნება ძალიან ცუდი ადამიანისთვის, რადგან ორივე ვირუსით ერთდროულად დაინფიცირების შემთვევაში საავადმყოფოში მოხვედრის, გართულების, გარდაცვალების რისკი მატულობს და მეორე პრობლემა შეიქმნება საწოლების რაოდენობის განსაზღვრა. შესაბამისად თუ ჩვენ დღეს გვაქვს საწოლების გარკვეული რაოდენობა გრიპის სეზონის დაწყების შემდეგ საწოლფონდის რაოდენობა შემცირდება, რადგან გარკვეულ ნაწილს სტაციონალიზაცია დასჭირდება. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ დეკემბერ-იანვარი იქნება კრიტიკული და მთელი პანდემიის პერიოდისას ეს იქნება ყველაზე მძიმე 2 თვე რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე განცხადებით ამ პროგნოზს ამყარებს ისიც, რომ ყოველდღიურად მცირდება ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა.
"ქვეყანაში პარადოქსული სიტუაციის, ინფიცირების რაოდენობის მატებას ჩვენ ვპასუხობთ ვაქცინირებული ადამაიანების რაოდენობის კლებით.
ტერმინი ტვინდემია არ არის შემთხვევითი, ამის უკან დგას რეალური საშიშროებები"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე განმარტებით, მთავარი გამოსავალი არის ვაქცინაცია.
„შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას ორმაგი დატვირთვა აქვს: ერთი, რომ „დელტა“ ვარიანტის ფონზე მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა ბავშვებში, მოიმატა ბავშვების მიმართვიანობამ სამედიცინო დაწესებულებებში და მეორე, ბავშვები კორონავირუსის აქტიური გადამტანები არიან“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ჩხაიძე ამბობს, რომ "მწვანე პასპორტები" იქნება სტიმული ვაქცინაციისთვის, იმიტომ რომ ის ყველა მის მფლობელს საშუალებას მისცემს მიიღოს ყველა სერვისი შეუფერხებლად.