არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე - ''სამართლიანი არჩევნები''

31 ოქტომბერი 2021, 12:10 923 ნახვა

არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.

ნინო დოლიძის თქმით, დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შეტანილია 161 საჩივარი.

მისივე განცხადებით, არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მიღებული ინფორმაციით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით არჩევნები ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა, თუმცა, არჩევნების დღეს გამოვლენილ პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა, შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.

კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობის და მარკირების შემოწმების დარღვევების ფაქტები.  დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა.

სამწუხაროდ, დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფასა და ზეწოლის ფაქტებს. რაც შეეხება ხმის დათვლისა და შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია თუმცა, დაფიქსირდა ბიულეტენების არასწორად ან სავარაუდოდ, მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები'' - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი