სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულაციას ცდილობენ, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განმარტებით, უკანონო მოსმენა და შემდეგ მსგავსი მასალების გასაჯაროება მიუღებელია. აღნიშნულ მასალებზე კი საპატრიარქოს წვდომა არ აქვს.
"სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანის და შემდეგ სავარაუდო უკანონო გასაჯაროების მადეტალები, გამოძიებულ უნდა იქნას და როდესაც მეტნაკლები სიცხადე გამოიკვეთება ამ საკითხში, შემდგომ იქნება შესაძლებელი, რაიმე დასკვნების, ან კომენტარების გაკეთება, მანამდე ბევრი რამ ბუნდოვანია და ერთმანეთში აზელილია ტყუილ-მართალი.
საპატრიარქოს ხელი არ მიუწვდება მასალაზე, რომლის შესახებაც არის საუბარი, მივმართავთ ტელევიზიებს, ვისაც აქვს ეს მასალა, თუ ეს შესაძლებელია, გადმოგვცენ აღნიშნული ფაილები.
უკანონო მიყურადება და მსგავსი მასალების გასაჯაროება სრულიად მიუღებელია, თუკი ასეთი ფაქტი დამტკიცდა”, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.