დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ეპიდსიტუაცია უმჯობესდება.
ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად ყველა მაჩვენებლის გაუმჯობესებისა, რაც ეპიდვითარების სტატუსს განსაზღვრავს, კვლავაც სიფრთხილეა საჭირო.
''გრძელდება სტაბილიზაციისკენ სვლა. ყველა მაჩვენებელი უმჯობესდება, ეს არის ახალი შემთხვევების რაოდენობა თუ დადებითობის პროცენტი. დღევანდელი მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი 5% და 6 % შორის არის, ბოლო 14 დღის მყარად არის 8% ქვემოთ.
ყველაზე მძიმე ინდიკატორი, რაც არის სიკვდილიანობა მართალია ბევრია ჯერ 48, მაგრამ აღარ არის 60 და 70 გარდაცვლილი დღეში. ყველა ეს მაჩვენებელი მიდის დამშვიდებისკენ.
ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ შევინარჩუნებთ სტაბილურ დაღმასვლას. ეს ყველაფერი თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. ორშაბათობით არის ახალი შემთხვევების ვარდნა, შაბათ-კვირას მიმართვიანობა ნაკლებია. ხვალ ცოტა მეტი იქნება, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში 1 500-დან 2 000 ფარგლებში იმერყევებს. უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც არის და უფრო გავამკაცროთ. მათ შორის პირბადის ტარება. ეს მაჩვენებლი 4%-ით არის გაზრდილი და ავიდა 47% - 50%-მდე, 90%-ზე უნდა ავიდეთ და მარტივად შევაკავებთ ეპიდსიტუაციის გაუარესებას'' - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა აცრების ტემპი დავარდა.
„აცრების გაზრდა, რეგულაციების დაცვა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ თანდათანობით დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს“,- განაცხადა გამყრელიძემ.