საოჯახო სასტუმროების მფლობელები დღეს ისევ შეიკრიბნენ და მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ფიჭვნარის დასახლებიდან მსვლელობით ქობულეთის მერიასთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეებს გზად სხვადასხვა საოჯახო სასტუმროების მფლობელებიც უერთდებიან. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია. ამბობენ, რომ პანდემიით შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, წელს ქობულეთში ტურისტული სეზონი არ შედგა.
ისინი ხელისუფლებას სთხოვენ გაუწიოს შუამდგომლობა ბანკებთან და იმ საფინანსო ორგანიზაციებთან, საიდანაც მათ სეზონური სესხები აქვთ აღებული. ითხოვენ გაიყინოს დარიცხული პროცენტი და გადავადდეს თავდაპირველი თანხა, ყოველგვარი დანამატის გარეშე.
აქციის მონაწილეებმა დღეს, ახალი სამოქმედო გეგმა გაახმოვანეს. ისინი, როგორც ბანკების ისე ხელისუფლების მისამართით სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.
საოჯახო სასტუმროს მფლობელებმა კარდაკარის პრინციპით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
''ტურიზმის სექტორი ხელისუფლების არასწორი საბანკო და საფინანსო პოლიტიკის შედეგად დაზარალდა, რამაც კრიზისამდე მიგვიყვანა რიგითი ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ტურისტული სესხები გვაქვს აღებული ბანკებიდან საკმაოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთით და თუ დროულად ვერ მოვხერხებთ საბანკო ვალდებულების დაფარვას, სახლებს დავკარგავთ'' - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
საოჯახო სასტუმროს მფლობელები პერმანენტული და ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.