თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ის ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მკურნალობდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს თანხმლები დაავადებები ჰქონდა და ის კლინიკაში შესვლის დღიდან ჟანგბადდამოკიდებული იყო.
"მას ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული. გამოხატული იყო ტეტრაპარეზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ფსიქომოტორული სფეროს ღრმა ჩამორჩენა და ფილტვის ქსოვილის დაზიანება. შემოსვლის დღიდანვე, ჟანგბადდამოკიდებული იყო. გუშინ მდგომარეობა უფრო გართულდა და საღამოს, 20:00 საათისთვის გარდაიცვალა“, - აცხადებენ კლინიკაში.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 21 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.