ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, არც ერთ შემთხვევაში „ტოცილიზუმაბი“ პაციენტის ოჯახმა კლინიკის გარეთ არ უნდა ეძებოს, რადგან მარაგი არის და მის თანხას სახელმწიფო ფარავს. თამარ გაბინიამ დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ''შავი ბაზარი'' არ არსებობს, თუმცა ფაქტების არსებობის შემთხვევაში საკითხს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან.
რაც შეეხება მედიკამენტის მოწოდებას, როგორც თამარ გაბუნია ამბობს, მისი ერთადერთი მომწოდებელი არის „როშე“ და ოფიციალური სადისტრიბუციო არხებით არის გადანაწილებული კონკრეტულ კლინიკებში.
„ტოცილიზუმაბი“ არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ძალიან მკაცრი ჩვენებების მქონე კონკრეტულ პაციენტებში. ქვეყანაში მისი გამოყენება ჯერ კიდევ პანდემიის ადრეული ეტაპებიდან დაიწყო. მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ხდებოდა მისი გამოყენება. ბოლო პერიოდში „ტოცილიზუმაბის“ ეფექტურობასთან დაკავშირებით მეტი მონაცემი გაჩნდა, მაგრამ მისი ჩვენებები ამით არ შეცვლილა, რა თქმა უნდა, მხოლოდ რამდენიმე, კონკრეტულ პაციენტს შეიძლება, დასჭირდეს ეს მედიკამენტი.
ის რაოდენობა, რომელიც შემოვიდა, წინაწარ ჰქონდათ კლინიკებს უკვე შეკვეთილი. ამ კლინიკებში ყველაზე მძიმე პაციენტები ხვდებიან და აქამდეც იყენებდნენ „ტოცილიზუმაბს“ გარკვეული შემთხვევებისთვის.
მოხდა ისე, რომ მედიასაშუალებებით, მედიკამენტის თაობაზე ფართო საუბარს მოჰყვა გარკვეულწილად არასწორი მოლოდინების ჩამოყალიბება მის დანიშნულებასთან დაკავშირებით. ამას გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, რაიმე გარემოებიდან გამომდინარე, ვიღაც ბოროტადაც კი იყენებს და ოჯახებს ეუბნება, რომ თავად უნდა იყიდონ ეს მედიკამენტი, იშოვონ და მოიტანონ. ასე ეს მედიკამენტი არსად არ იყიდება, ოფიციალური სადისტრიბუციო არხებით არის გადანაწილებული კონკრეტულ კლინიკებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნია ამბობს, როდესაც პაციენტი აუცილებლად საჭიროებს „ტოცილიზუმაბით“ მკურნალობას, შეზღუდული რაოდენობის გამო, კლინიკიდან კლინიკაში ხდება მედიკამენტის გადანაწილება და გაუმართლებელია პაციენტის ოჯახს მოთხოვო პრეპარატის მოძებნა და შეძენა.
ლევან რატიანი პრეპარატ "ტოცილიზუმაბის" შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ის არ წარმოადგენს მედიკამენტს, რომელიც COVID-19-ით დაავდებულ პირს 100%-ით გამოაჯანმრთელებს.
"ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ატეხილი აჟიოტაჟი წამალზე ,,ტოცილიზუმაბი'', რომელიც მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი პრეპარატი როგორც სიცოცხლის გადამრჩენელად covid-19-ის დროს, ეს ნამდვილად ასე არ არის. ვინაიდან, ეს არ არის დადასტურებული პათოგენეზური სამკურნალო საშუალება, რომელიც კოვიდ დაავადებას 100%-ში გამოაჯანმრთელებს. მე მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დიდი მიმღები კლინიკა ვიყავით და ვართ დღემდე, ვიღებთ როგორც ნოლიდან ასაკობრივ ჯგუფს, ასევე ორსულებს, გატარებული გვაქვს დაახლებით 10 000-მდე ჰოსპიტალიზებული პაციენტი, მათ შორის დაახლოებით 1200-მდე მძიმე და კრიტიკული პაციენტი. ამ ბოლო პერიოდში, როცა დაიწყო ,,ტოცილიზუმაბზე'' ლაპარაკი, ჩვენ სულ 10 შემთხვევაში გამოვიყენეთ და რამდენიმე შემთხვევაში გამოიღო მან დადებითი შედეგი" - განაცხადა ლევან რატიანი.