ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არც ერთმა კლინიკამ კოვიდის სამკურნალო პრეპარატის შოვნა პაციენტის ოჯახს არ უნდა სთხოვოს.
მისივე თქმით, „ტოცილიზუმაბი" საქართველოში ლიმიტირებული რაოდენობით არის და მხოლოდ დიდ კლინიკებს აქვთ, თუმცა მისი გადანაწილება სხვა კლინიკებში საჭიროების შესაბამისად ხდება და ამას კოორდინაციას ჯანდაცვის სამინისტრო უწევს.
"ტოცილიზუმაბი“ და ასევე არავითარი მედიკამენტი პაციენტის ოჯახმა არ უნდა იყიდოს. არავითარი შავი ბაზარი „ტოცილიზუმაბთან“ მიმართებაში არ არსებობს. თუ სადმე გაიგებთ, რომ ასეთი ბაზარი არსებობს, ძალიან დავალებული დაგრჩებით, თუ ამის შესახებ ჩვენც შეგვატყობინებთ.
ერთადერთი მომწოდებელი „ტოცილიზუმაბის“ არის „როშე“, რომელმაც შემოიტანა ქვეყნისთვის განკუთვნილი ლიმიტი, რაც გადანაწილდა კლინიკებში. კლინიკების ნაწილს აქვს პრეპარატი. ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ კლინიკიდან კლინიკაში ხდება მედიკამენტის გადანაწილება, როდესაც პაციენტის აუცილებლად საჭიროებს „ტოცილიზუმაბით“ მკურნალობას. დღევანდელი მდგომარეობით, მედიკამენტი ქვეყანაში არის გარკვეულ კლინიკებში და ჩვენც ვცდილობთ, რომ როდესაც პაციენტისთვის აუცილებელია „ტოცილიზუმაბის“ გადასხმა, კლინიკებთან კომუნიკაციის გარკვეული ფასილიტაციაც გავაკეთოთ, რომ ვისაც სჭირდება, მარტივად ისესხოს ერთმა კლინიკამ მეორე კლინიკისგან და აქ არ უნდა ჩაერიოს პაციენტი. არც არანაირი თანხის მობილიზება არ არის საჭირო.
არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება პაციენტის ოჯახისთვის მოთხოვნა ამ მედიკამენტის სადმე შოვნის და მოტანის, მით უმეტეს ყიდვის, რადგან ბაზარზე ეს მედიკამენტი არ იყიდება. არც ის არის სწორი, რომ თანხის შეგროვების მოთხოვნით „ფეისბუკზე“ იყო პოსტები, რომ იქნებ ადამიანი გადარჩეს. არ არის ეს გამოსავალი, რადგან მედიკამენტი არის ლიმიტირებული ოდენობით და არის იმ დიდ კლინიკებში, სადაც მძიმე პაციენტებია კონცენტრირებული. ამ კლინიკებთან დაკავშირებას და პრეპარატის გადანაწილებას ჩვენ ვახდენთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.