ორსულებში გართულებებს ვაკვირდებით, ზოგს შემთხვევაში ამის მიზეზი დაგვიანებული სტაციონარიზაციაა - ტიკარაძე

27 აგვისტო 2021, 11:29 1622 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აკვირდებიან და სწავლობენ მიზეზებს, რის გამოც ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსით ორსულების გარდაცვალების შემთხვევები გახშირდა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ​კოვიდინფიცირებულ ორსულებში ლეტალობის შემთხვევებს გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს.

მისივე განმარტებით, რიგ შემთხვევებში მსგავსი პაციენტების სტაციონარიზაცია დაგვიანებულია.

„მე ყოველთვის ვერიდები კონკრეტულ პაციენტებზე საუბარს, ვინაიდან თითოეული პაციენტის ასეთი მძიმე გამოსავალი არის არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედია. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და სტატისტიკურ ჭრილში. ჩართული არის გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ ის კონკრეტული დასკვნები, თუ რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალობის შემთხვევები ორსულების კომპონენტში. თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა დავძინოთ, რომ რიგ შემთხვევაში არის დაგვიანებული სტაციონარიზაცია.

გუშინ, მაგალითად, ერთ-ერთი ორსულის სამეგრელოს რეგიონში საავადმყოფოში გადმოყვანა იყო საჭირო, თუმცა ამ ორსულს დარეკილი არ ჰქონდა 112-ზე, მაგრამ სამაგიეროდ პოსტი ედო Facebook-ზე და კარგია, რომ ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აკვირდება ყველა იმ ჯგუფს, რომელიც Facebook-ზე აქტიურია“, - განაცხადა მინისტრმა.

დაავადაებატა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ორსულებში კორონავირუსის პრევენციის ერთადერთი საშუალებაა აცრა.

''ორსულთა გარდაცვალების საკითხზე სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ამის პრევენციის ერთი საშუალებაა, რომ ორსულები უნდა აიცრან. სამწუხაროდ, ამ ორი წლის განმავლობაში რაც პანდემია არის, გარდაიცვალა თუ არ ვცდები 13 ორსული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თბილისში მშობიარობის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 19 წლის ქალი გარდაიცვალა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი