გამოკითხულთა 52 პროცენტი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36 პროცენტი კი კარგად - NDI-ის კვლევა

12 აგვისტო 2021, 13:27 741 ნახვა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

23 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 19 პროცენტის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება.

კითხვაზე, საქართველოში ამჟამად არის თუ არა დემოკრატია, 51 პროცენტი აცხადებს, რომ მისი აზრით, არ არის. 35 პროცენტი აცხადებს, რომ არის, 13-მა პროცენტმა კი არ იცის.

გამოკითხულთა 52 პროცენტი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 36 პროცენტი აცხადებს, რომ კარგად შეაფასებდა, ცხრა პროცენტმა კი არ იცის.

"სამწუხაროდ მოსახლეობას არ სჯერა, რომ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა პარლამენტის პრიორიტეტია. საზოგადოების ნახევარზე მეტი (55 პროცენტი) ამბობს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კანონებს არ იღებს, ხოლო 54 პროცენტი ფიქრობს, რომ თუ პარლამენტის წევრს მის დასახლებაში არსებული პრობლემის შესახებ ეტყვის, ის ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯებს არ გადადგამს. მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედს მიაჩნია, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს“,-აღნიშნულია „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი