საერთაშორისო წვრთნების, „მტკიცე სულის“ თუ „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა, ისევე როგორც თანამშრომლობის არსებული მნიშვნელოვანი მექანიზმები, ადასტურებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზე დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალეროვნული Agile Spirit – 2021-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.
''ჩვენ მუდამ მადლიერი ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატების, იმ უდიდესი დამსახურებისთვის, რომელიც მას საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ჩვენი ჯარის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროცესში მიუძღვის. ბატონო ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, ამ მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილეობით, თქვენ კიდევ უფრო დახვეწეთ თქვენი უნარ-ჩვევები, გააძლიერეთ მზადყოფნის დონე და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ხარისხი, რაც ჯამში ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას.
სწავლება „მტკიცე სული“ ნათელი დასტურია იმ მართლაც მტკიცე და სამაგალითო ურთიერთობების, რომელიც საქართველოს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკასთან აკავშირებს. ეს სწავლება სწორედ ჩვენი თავდაცვის ძალების და აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის ყოველწიურად მზარდი თანამშრომლობის შედეგია. მე მინდა განსაკუთრებულად მივესალმო და მივულოცო სწავლების თითოეულ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეს და მის დაგეგმვასა და აღსრულებაში ჩართულ ყველა პირს. მიმდინარე პანდემიის მიუხედავად, ამ პირობებშიც, სწავლების წარმატებული ჩატარება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თქვენს მზადყოფნას, თქვენს მაღალ პროფესიონალიზმს, თქვენს ძალისხმევას, არ მოაკლოთ ენერგია საერთო ღირებულებების დაცვას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.