აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2018 წლის 21 ივლისს 14 ხმით აირჩია და რეგიონს დღემდე ხელმძღვანელობს.
მისი თავმჯდომარეობის პერიოდში აჭარაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
"ოცნების ქალაქის" მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მშენებლობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ, იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო.
ასევე ხორციელდება სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა. ე.წ ოცნების ქალაქის მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ეტაპი 582 ბინას მოიცავს და მეორე ეტაპის განხორციელება უკვე დაიწყო.
აშენდა 20 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი. მსოფლიო დონის სტადიონი საშუალებას იძლევა, ბათუმი გახდეს საერთაშორისო სპორტული და კულტურული ტურისტული მიზიდულობის კიდევ ერთი ცენტრი რეგიონში.
დასრულდა ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. სპორტული ობიექტი 23 000 კვ. მეტრზე მოეწყო და ის 3400 მაყურებელზეა გათვლილი. ძალიან მალე კომპლექსში 15-ზე მეტი სპორტული სახეობა დაიწყებს ფუნქციონირებას.
ჩაქვში, ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის პროექტის განხორციელება დაიწყო. ეს იქნება ახალი სივრცე სპორტსმენებისთვის, რომელიც შეჯიბრებებისთვის მათ სრულფასოვან მომზადებას უზრუნველყოფს. მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში იწყება.
დასკვნით ეტაპზეა ისტორიული პროექტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. პროექტი უზრუნველყოფს აჭარის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას და ეკონომიკის განვითარების სტიმულირებას.
აჭარაში დაბების, სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდინარეობს. განახლებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებით სარგებლობას აჭარის 41 სოფელში მცხოვრები 5829 ოჯახი, ჯამში 30000 ადამიანი შეძლებს.
ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და განვითარება აჭარაში არ შეჩერებულა და აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო წლების განმავლობაში მნიშველოვანი სტატუსი შეიძინა ბათუმმა.
ბათუმმა – World Travel Awards -ის დაჯილდოებაზე – ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების სტატუსი მოიპოვა. ბათუმი გახდა ევროპის სპორტის ქალაქი. ასევე ბათუმი არის პირველი ქალაქი საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობს.
დინამიურად ვითარდება კურორტი გოდერძი, ხორციელდება საინვესტიციო პროექტები და წესრიგდება ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს მწვანე ტბის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
პანდემიის მიუხედავად 2021 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 747 900 ლარით გაიზარდა და 414 221 900 ლარს შეადგენს. გაიზარდა ყველა მუნიციპალიტეტების კაპიტარული ტრანსფერის მოცულობა, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყო.