თუ მოლდოვა დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე დაბრუნდება და კვლავ გახდება ევროკავშირისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი პარტნიორი, ქვეყანა დიდ წარმატებას მიაღწევს ინტეგრაციის გზაზე - განაცხადა მაია სანდუმ, ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე, სიტყვით გამოსვლისას.
მაია სანდუმ ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოლდოვაში მოხდა.
"ბევრი მოლდოველის სახელით ვსაუბრობ და ვიტყვი, რომ ჩვენი სტანდარტები, რომელიც დავამკვიდრეთ ევროპული გზების, სკოლების, რკინიგზის, საავადმყოფოების შექმნით, მასტიმულირებელი ფაქტორების შექმნით, რომელიც კერძო სექტორს წაახალისებს, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ჩვენს მოქალაქეებს და მეწარმეებს აძლევს საშუალებას ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზარზე მოახდინონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი და ორგანულად, ეტაპობრივად, ეს იქცეს რეალობად. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი სახლში, მოლდოვაში. ანტიკორუფციული, სასამართლო სისტემის რეფორმის და სხვა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ევროკავშირის იმედი. აღმოსავლეთ ევროპის ინსტრუმენტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს ევროკავშირის, როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, გვინდა, მეტი წვდომა გვქონდეს ბაზრებზე, დახმარება მივიღოთ კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, რათა უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას მოლდოველებისთვის.
კორუფციასთან ბრძოლას განვაგრძობთ და დაკარგული, მოპარული აქტივების დაბრუნებას შევძლებთ. კორუფცია მოლდოვის საზღვრებს სცდება. ამიტომ გვჭირდება ევროპული ინსტიტუტების დახმარება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დახმარება. ჩვენ მოლდოვას თუ დავაბრუნებთ დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე და თუ კვლავ გავხდებით სტაბილური, პროგნოზირებადი პარტნიორი ევროკავშირისთვის, ჩვენ მეტი წარმატება გველის ინტეგრაციის გზაზე. კარგად გვესმის, რომ მთავარი დღის წესრიგი არის ჩვენივე ქვეყანაში. გვესმის, რომ საშინაო დავალება შესასრულებელი გვაქვს, პირობა დადებულია, ვალდებულება ნაკისრია ჩვენი ხალხისა და ევროკავშირის წინაშე. თქვენ გვეხმარებოდით წლების განმავლობაში. პოლიტიკური ვალდებულება დავდეთ და ვიკისრეთ ჩვენი მოქალაქეების სახელით“, - განაცხადა მაია სანდუმ.