ნიდერლანდებში საქართველოდან ჩასვლა სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს შეეძლებათ

02 ივლისი 2021, 11:50 936 ნახვა

ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ტურისტული მიზნით ნიდერლანდებში შესვლასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, პირველი ივლისიდან ადამიანებს ნიდერლანდებში შესვლის უფლება ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის საფუძველზე ექნებათ.

„1 ივლისიდან ნიდერლანდების მთავრობამ გააუქმა ქვეყანაში (ტურისტული მიზნით) შესვლის აკრძალვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წარადგენენ სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს/ცნობას, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მიერ გაცემულ სერტიფიკატსაც/ცნობასაც.

ასეთი სერტიფიკატის/ცნობის მქონე პირი ნიდერლანდებში ვერ შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი მიემგზავრება ძალიან მაღალი რისკის (წითელი კოდი) ქვეყნიდან.

რადგან საქართველო ამ ეტაპზე არის მაღალი (და არა ძალიან მაღალი) რისკის (ნარინჯისფერი კოდი) ქვეყანა, ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შესვლა შეეძლება საქართველოდან მიმავალ პირს, რომელიც წარადგენს სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს/ცნობას, და რომელიც უნდა შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

• პირის სრული სახელი;

• ვირუსი: SARS-CoV-2 ან მისი ნებისმიერი ვარიაცია;

• ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია მედიკამენტის ევროპული სააგენტოს (EMA) ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (WHO) მიერ (ნიდერლანდების მთავრობის ინფორმაციით, ასეთ ვაქცინებში იგულისხმება შემდეგი ვაქცინები: Pfizer/BioNTech (Comirnaty), Astra Zeneca EU (Vaxzevria), Johnson & Johnson ((COVID-19 Vaccine) Janssen), Moderna (Spikevax), Astra Zeneca-SK Bio (Vaxzevria), Serum Institute of India (Covishield), Sinopharm BIBP, Sinovac)

• ვაქცინის მწარმოებელი;

• თითოეული დოზის გაკეთების თარიღი;

• ქვეყანა (მათ შორის ევროკავშირის არაწევრიც), სადაც გაკეთდა ვაქცინა;

• ცნობის/სერტიფიკატის გამცემი;

• ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, პორტუგალიური, იტალიური ან ესპანური;

• ცნობის/სერტიფიკატის გამცემის ხელმოწერა ან ბეჭედი;

ამასთან, სრულად ვაქცინირებულად ითვლება პირი, რომელმაც:

• გაიკეთა იმ ვაქცინის 2 დოზა, რომელიც მოითხოვს 2 დოზას;

• გაიკეთა იმ ვაქცინის 1 დოზა, რომელიც მოითხოვს 1 დოზას; ან

• მას შემდეგ, რაც დაინფიცირდა SARS-CoV-2-ით, გაიკეთა იმ ვაქცინის 1 დოზა, რომელიც მოითხოვს 2 დოზას;

ასევე, სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის/ცნობის წარდგენის შემთხვევაში, საჭირო აღარ არის PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა"-აცხადებენ საელჩოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი