საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია".
პარტიამ შესაბამისი დადგენილების პროექტით პარლამენტს უკვე მიმართა. დადგენილების პროექტით, დროებითმა კომისიამ უნდა შეისწავლოს სასამართლო სისტემაში ინტერესთა ჯგუფების არსებობა, მათი ფორმალური და არაფორმალური გავლენები, იერარქიები და სტატუსები, კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტები. "ქართული ოცნება" ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას პოლიტიკურ კამპანიას უწოდებს.
მმართველი პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ პოლიტიკურ კამპანიაში არ ჩაერთვებიან, თუმცა შეასრულებენ რეგლამენტის მოთხოვნებს. სასამართლოში კლანურ მმართველობაზე არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია საუბრობენ.